Too Cool for School: როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა აუდიტორია

დინა პოკრაიაცი, Dokukino KIC-ის მენეჯერი, Restart, ხორვატია

„ჩვენი პროგრამა ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით, სტუდენტებზე, რომლებსაც დისკუსიების საშუალებით კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ხელს ვუწყობთ. ამასთან ერთად გვსურს, სოციალურად აქტუალური და მხატვრული თვალსაზრისით სრულყოფილი დოკუმენტური კინო უფრო პოპულარული გავხადოთ. მტკიცედ გვწამს კინოს მომავლის და ვგრძნობთ, რომ ვერაფერი შეედრება ფილმის ჩვენების მაგიას, ყურადღებით შექმნილ პროგრამას და ნახვისა და ფიქრის კოლექტიურ გამოცდილებას" (დინა, დოკუკინო KIC, ზაგრები, ხორვატია).

როგორ მოვიზიდოთ ახალგაზრდა აუდიტორია

ხორვატიაში 16-29 წლის ახალგაზრდების 40% კინოთეატრს რეგულარულად არ სტუმრობს. ისიც უნდა ითქვას, რომ გაყიდული ბილეთების რაოდენობის თანახმად, ახალგაზრდების უმეტესობა ძირითადად ჰოლივუდის ფრანჩაიზებით და ბლოკბასტერებითაა მოხიბლული. ამის საპირწონედ, ევროპული დამოუკიდებელი წარმოება ამერიკული ფილმების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება (აუდიტორიის დასწრების თვალსაზრისით, ამერიკული ფილმების წილი 82%-ია).

Dokukino-ში არაერთი პროგრამა გვაქვს შემუშავებული ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის და ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მიზანია, ამ ნეგატიურ ტენდენციას ფილმების სელექციაში, წარმოებასა და გავრცელებაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებით და პროცესის დემოკრატიზაციით დაუპირისპირდეს.

დემოკრატია დამწყებთათვის − წაახალისეთ კრიტიკული რეფლექსია

Demokracija za početnike (დემოკრატია დამწყებთათვის) ინტერაქციული დისკუსიების თანხლებით გამართული ჩვენებების სერიაა, რომლის მიზანია დაწყებით და საშუალო სკოლის მოსწავლეებში თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტური ფილმების ჩვენებით გვსურს, მოსწავლეებმა ძირითადი ცნებების/კონცეფციების შესახებ ცოდნა მიიღონ და ამ ცნებების ირგვლივ კრიტიკული რეფლექსია შეძლონ. პროგრამა ,,ხორვატიის დებატების საზოგადოებასთან" თანამშრომლობით შეიქმნა. სპეციალური პროექტებით უსაფრთხო სადისკუსიო სივრცის შექმნა გვინდა, სადაც სკოლის მოსწავლეები სერიოზულ და მგრძნობიარე თემებზე მსჯელობას შეძლებენ და ფილმის შესახებ არგუმენტირებულ კამათს და მოსაზრებების გაცვლას ისწავლიან. ფილმებს ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემების მიხედვით ვარჩევთ, როგორიცაა სოციალური საკითხები ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით, უფლებებისა და პასუხისმგებლობის თანაარსებობა, ეთიკური ურთიერთობები, საკუთარ თავთან, თანატოლებთან და ზოგად გარემოსთან დამოკიდებულება.

Kinedok-ის კატალოგიდან ახლახან ორი ფილმი ,,ტობის ფერები" (2021)  და ,,იოლი გაკვეთილები" (2018) ვაჩვენეთ. ,,ტობის ფერები" ტრანსიდენტობის მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს აღწერს, ხოლო ,,იოლი გაკვეთილები" მთავარი გმირის, კაფიას ამბით ემიგრანტობის გამოცდილებას ასახავს, იმ კულტურასთან ადაპტირების პროცესს, რომელიც სრულიად განსხვავდება გარემოსგან, სადაც დაიბადე. ორივე ფილმში თინეიჯერის პერსპექტივაა ნაჩვენები,  რის გამოც ეს ფილმები ახალგაზრდებისთვის უფრო ახლობელი და საინტერესოა. ჩვენ ბავშვებს ვაგულიანებთ ისაუბრონ მათ ცხოვრებაში არსებული დილემების შესახებ, დასვან შეკითხვები და გამოხატონ აზრი. ზოგიერთი ფილმის ჩვენების შემთხვევაში, მშობლებისგან და მასწავლებლებისგან ისეთი მგრძნობიარე თემების გამო, როგორიცაა ტრანსიდენტობა, თინეიჯერების ორსულობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, წინააღმდეგობას წავაწყდით. ამის მიუხედავად, მათი დარწმუნება მაინც შევძელით. ავუხსენით, რომ ახალგაზრდებს დისკუსიით და დარგის ექსპერტების მოსაზრებების გაცნობით მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას მივაწვდიდით. ამგვარ სიტუაციებში საჯარო დაწესებულების წერილობითი რეკომენდაცია  (ჩვენ შემთხვევაში ასეთი დაწესებულება ხორვატიის აუდიო-ვიზუალური ცენტრი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო) დაგეხმარებათ იმის დასაბუთებაში, რომ ფილმი შეესაბამება არასრულწლოვანი აუდიტორიისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს (გახსოვდეთ, ასაკის მითითება აუცილებელია).

იმისთვის, რომ სკოლებში ფილმების ჩვენება შეძლოთ, საჭიროა პროფესორებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს დაუკავშირდეთ. მათ, ვინც კეთილგანწყობილია და მზადაა, თქვენი იდეები მოისმინოს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი მასწავლებელი და ადამიანები თქვენი მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვიდან. მთავარი გასაღები მასწავლებლების ხელშია. პირველ რიგში, მათი გულის მოგება გჭირდებათ, რაც მოსწავლეებამდე და თინეიჯერებამდე გზას გაგიხსნით. ისინი გაგიმაგრებენ ზურგს ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტად მზრუნველი და შეშფოთებული მშობელი და სკოლის დირექტორი შეეცდება თქვენს საქმეში ჩარევას. ხორვატიაში ფილმის ჩვენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია სკოლაზე − ზოგჯერ  სკოლის დირექტორის ან მისი მრჩევლის ნებართვაა საჭირო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მასწავლებელი თავად იღებს. მშობლის თანხმობა, როგორც წესი, საჭირო არ არის, მაგრამ როდესაც ფილმის თემა საკამათოა და ამის შესახებ მშობლები შვილებისგან მოგვიანებით შეიტყობენ, შესაძლოა, მათ პრობლემები შექმნან. შესაბამისად, სჯობს მშობლები წინასწარ გააფრთხილოთ ან მათი უარყოფითი რეაქციისთვის მოემზადოთ.

მაგალითად, გასართობი გარემოს შესაქმნელად, ჩამოაყალიბეთ თინეიჯერთა საკონსულტაციო საბჭო ან გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებლებთან და მედიაწიგნიერების ექსპერტებთან, რათა ახალგაზრდებისთვის პროგრამის შედგენასა და პოპულარიზაციაში დაგეხმარონ. სასურველია, დამატებითი საგანმანათლებლო მასალები მოამზადოთ, რაც მასწავლებლებსა და სხვა ჩართულ მხარეებს ბავშვებთან დისკუსიის წარმართვაში დაეხმარება. შეგიძლიათ ციფრული ან ბეჭდური ბროშურები მოამზადოთ, რომლებზეც ფილმის შესახებ ზოგადი ინფორმაცია იქნება დატანილი. ასევე, ძირითადი ცნებების განმარტება, დისკუსიის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები, პოტენციური შეკითხვები, აქტივობების, დამატებითი საკითხავისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი. შეგიძლიათ მოკლე გაცნობითი ხასიათის ვიდეოები გადაიღოთ და ფილმის დაწყებამდე აჩვენოთ, ან სპიკერი მოიწვიოთ, ვინც თემაზე პრეზენტაციას წარადგენს.

სწავლების მეთოდები

ახალგაზრდებისთვის პროგრამის შედგენისას, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მათ ჭკუა არ უნდა ასწავლოთ. ცხადია, გვსურს, რომ ახალგაზრდებმა გარკვეული ღირებულებები გაითავისონ და ფილმი მხატვრულად აღიქვან, მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინიც ჩართოთ. ჰკითხეთ, რა ფილმები აინტერესებთ და ეს მომავალი სელექციის დროს გაითვალისწინეთ. მნიშვნელოვანია, ბავშვებს დოკუმენტური ჟანრის შესაძლებლობები დავანახოთ. მათ უმეტესობას დიდი ალბათობით მხოლოდ ველური ბუნების, ისტორიული, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმები უნახავთ და ამიტომ ეს ჟანრი ხელოვნების ფორმად ხშირად არც მიაჩნიათ. მოიწვიეთ რეჟისორები ან კინოკრიტიკოსები, ისაუბრეთ ფილმის სტრუქტურის შესახებ, როგორ ასახავს ფილმი სხვადასხვა თემას და როგორ წარმოაჩენს ის მთავარ გმირებს.

ნუ დააკნინებთ მათ და ნუ ჩათვლით, რომ მნიშვნელოვან თემებზე და საეტაპო ფილმებზე მსჯელობას ვერ შეძლებენ. ეს პროცესი თქვენგან ძალისხმევას მოითხოვს. ბავშვებისთვის იმის სწავლება, როგორ უნდა მოიხელთონ კომპლექსური და რთული შინაარსი, გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ფილმის ნახვის ცოდნა, კითხვის ცოდნას ჰგავს. ეს არის უნარი, რომელიც მოთმინებით, საუბრით და აზრთა გაცვლით გამოიწრთობა. როცა ,,დოკუკინოში" საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ნელი ტემპორიტმისა და მაღალი მხატვრული ღირებულების ფილმი "Honeyland" ვაჩვენეთ, მასწავლებლები შიშობდნენ, რომ მოსწავლეები მოიწყენდნენ, თუმცა, პირიქით, ბავშვებისგან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, როგორ აღიქვეს ფილმის მხატვრული ღირებულება. მათი თქმით, ეგონათ დოკუმენტურის ნაცვლად, მხატვრულ ფილმს უყურებდნენ. ამ მოსაზრებამ დოკუმენტური კინოს და რეალობის მიმართების, ასევე, კამერის მოჩვენებითი ობიექტურობის შესახებ ძველ დისკუსიასთან დაგვაბრუნა. ჩვენებას მეფუტკრეც ესწრებოდა, რომელმაც თაფლის წარმოებისა და მეფუტკრეობის შესახებ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა.

The ABC of Film − კინოს სიყვარული ადრეული ასაკიდან იწყება

მნიშვნელოვანია პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვა, როგორიცაა მაგალითად, სემინარი ფილმის პოსტერის, ვიდეო თამაშის მომზადების ან დოკუმენტური ფილმის გადაღების შესახებ. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ გამოიყენონ ვიდეო წარმოებისთვის შექმნილი პროგრამები, ხმით და გამოსახულებით იკვლიეთ ფილმის სხვადასხვა ასპექტი. მაგალითად, Filmska početnica (ფილმის ანა-ბანა) საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის სწავლების მეთოდიც ადრეული ასაკიდან ინოვაციური და ორიგინალური მიდგომების გამოყენებას ეფუძნება. პროგრამა სკოლამდელ ბავშვებს და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს კინო და მედია წარმოებისთვის ფუნდამენტურ თემატურ მოდულებს გაეცნონ, როგორიცაა ფოტოგრაფია, მონტაჟი, დრამატურგია, ამბის თხრობა, მუსიკისა და ხმის მნიშვნელობა, 3D მოდელირება, ექსპერიმენტული კინოს გადაღება, ინტერაქციული ანიმაცია, ციანოტიპი და სხვა ტექნიკები.

DokuKino ეთერში

მონაწილეობა გადამწყვეტია

2023 წელს ყოველთვიური კინო-დისკურსიული პროგრამა Dokukino Eter (DokuKin ეთერში) დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ფილმების დამოუკიდებლად შერჩევაში, სტუმრებთან დისკუსიის მოდერაციასა და ღონისძიებების ორგანიზებაში ვეხმარებით. კინოხელოვანებთან შეხვედრებით ისინი შემოქმედებით პროცესის ნიუანსებში ერკვევიან, მაგრამ ამავდროულად, ვახალისებთ, რომ საკუთარი თავი სემინარების ფორმატში ან ციფრულ კამპანიაში Gledaj svijet, mijenjaj svijet (უყურე მსოფლიოს, შეცვალე მსოფლიო) მონაწილეობით გამოხატონ: სმარტფონებით გადაიღონ მოკლე თემატური ვიდეოები, რითაც DokuKino ახალი ტალანტების აღმოჩენის სივრცედ გადაიქცევა.

მსგავსი პროექტების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორების მოძიება, რადგან სწორედ ისინი გვეხმარებიან სამიზნე აუდიტორიას მივწვდეთ. ჩვენ შემთხვევაში, პროექტი ზაგრების უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტურ კლუბთან და პოპულარულ ადგილობრივ სტუდენტურ რადიოსადგურ „რადიო სტუდენტთან“ თანამშრომლობს. ამ ინიციატივის საშუალებით, სტუდენტები აქტიურად და შემოქმედებითად არიან ჩართულები ღონისძიებების ორგანიზების პროცესში − ფილმების შერჩევიდან დაწყებული, მათი პრომოუშენით დასრულებული.

8 სავალდებულო რამ

1. ჩვენებებს დაურთეთ დისკუსია: წაახალისეთ ახალგაზრდა აუდიტორია, დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან;

2. ჩამოაყალიბეთ და გააფართოვეთ მასწავლებლების , პროფესორების, საგანმანათლებლო სივრცეში დასაქმებული ადამიანების სანაცნობო წრე;

3. ახალგაზრდული პროგრამის გასაუმჯობესებლად და გასართობი ატმოსფეროს შესაქმნელად, ჩამოაყალიბეთ თინეიჯერთა საკონსულტაციო საბჭო/ორგანო ან ფილმების სელექციასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებლებთან და მედია წიგნიერების ექსპერტებთან;

4. შეიმუშავეთ დამატებითი საგანმანათლებლო მასალები (ბეჭდური ან ციფრული ბროშურები, პრეზენტაციები, გაცნობითი ხასიათის ვიდეოები);

5. ნუ აარიდებთ თავს მნიშვნელოვანი თემებს და საეტაპო ფილმებს, რადგან მათზე მსჯელობა რთულია;

6. მოიწვიეთ რეჟისორები, კინოკრიტიკოსები ან სხვა სტუმრები, ვისაც რთული შინაარსის გამარტივება შეუძლიათ;

7. დაკავდით პრაქტიკული აქტივობებით. მაგალითად, სემინარებით, სადაც მონაწილეები ფილმის პოსტერის, ვიდეო თამაშის მომზადებას ან მოკლე დოკუმენტური ფილმის გადაღებას ისწავლიან;

8. მონაწილეობა გადამწყვეტია: ჩართეთ თქვენი ახალგაზრდა აუდიტორია ჩვენების მოწყობის ყველა ასპექტში, ფილმების შერჩევიდან დაწყებული, მათი პოპულარიზაციით დასრულებული.

წყაროები

ფოტოები:

BISTRIČIĆ, Sanja; CERIĆ KOVAČEVIĆ, Samir; MAGZAN, Anto and Zoe ŠARLIJA

Archive of our screening venue (Dokukino)

მეტის წაკითხვა

უკან დაბრუნება

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.