სივრცეების მრავალფეროვნება

ავტორები: სზაბოლკს სზირონი, ზსომბორ სზაბოლკს პალი, KineDok უნგრეთი

სივრცეების მრავალფეროვნება

KineDok-ის მრავალფეროვნება ზუსტად სივრცეებისა და ადგილების მრავალფეროვნებაშია. კატალოგისთვის შერჩეული ფილმების ნახვა თქვენ ექვს ქვეყანაში შეგიძლიათ. თითოეულს თავისი ენა და კულტურა გამოარჩევს. ჩვენი სივრცეების პოვნა ეკო-მეგობრულ დასახლებებსა და ინდუსტრიულ ქალაქებში შეგიძლიათ; ტურისტულ ადგილებში; როგორც მიტოვებულ, ისე სიცოცხლით სავსე დედაქალაქებში; ხალხისგან თითქმის დაცლილ სოფლებში, სადაც მხოლოდ მოხუცებიღა შემორჩნენ და საუნივერსიტეტო პატარა ქალაქებშიც. ჩვენებისთვის ცუდი სივრცე არ არსებობს. ეკრანი შეიძლება ბაღის ღობეზეც დაკიდო და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დარბაზშიც, სკოლაშიც და მოხუცთა სახლშიც, სხვათა შორის − მუსიკალურ ფესტივალზეც.

„ჩემს კინოკლუბს, მაგალითად, ვერავის ვურჩევ, რადგან ჩვენებებს მე ციხეში ვმართავ.“

(ზსოლტი, ქალაქი დუნაუივაროში, უნგრეთი)

ფართო აუდიტორიისთვის დოკუმენტური ფილმების ჩვენების სურვილს სხვადასხვა მიზეზი და მოტივაცია აქვს. ზოგიერთი ორგანიზატორისთვის უფრო მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული კულტურის განვითარებაა, დოკუმენტურ ფილმებსაც მათი მხატვრული ღირებულებით არჩევენ. ზოგიერთისთვის ფილმებში განხილული თემები და მათზე მსჯელობა უფრო პრიორიტეტულია და ღონისძიებასაც ამ მიზნით გეგმავენ. მათი მთავარი ფოკუსიც, შესაბამისად, შინაარსზე და იმ ემოციებზეა, რომლებსაც კონკრეტული ფილმი აღძრავს. მათი აზრით, დოკუმენტური ფილმები დისკუსიის დაწყებას ახალისებს.

კინოჩვენების ორგანიზატორის მნიშვნელობა

KineDok-ის სივრცეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი სამიზნე აუდიტორიით, შესაძლებლობებით და იმითაც, თუ როგორ ხედავენ ისინი დოკუმენტური კინოს როლს. თუმცა, ყველა მათგანს ერთი საერთო აქვს: ჩვენებებს ერთი ორგანიზატორი ან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი გუნდი ჰყავს.

ჩვენებების წარმატება ხშირად დამოკიდებულია სწორედ ორგანიზატორების პერსონალურ თვისებებსა და მის ორგანიზატორულ უნარებზე.

,,ჩვენი ყველაზე დიდი მოტივაცია ის არის, რომ ქალაქ ორლოვაში ვცხოვრობთ. გულწრფელი რომ ვიყო, ამ პროგრამას ნაწილობრივ ჩვენთვის ვადგენთ. გვინდა, რომ ჩვენს ქალაქში ცხოვრება გავიხალისოთ და თავად ვესწრებით ამ ღონისძიებებსაც. ვგრძნობ, რომ წლების განმავლობაში, ქალაქთან ჩვენი კომუნიკაცია გაუმჯობესდა. უკვე სერიოზულად აღგვიქვამენ. ქალაქის წარმომადგენლები ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო კომენტარებს გვიწერენ − გვეუბნებიან, რომ ძალიან საინტერესო ჩვენებებს ვაწყობთ, ეს მართლაც გადასარევი შეფასებაა! თუმცა, მჯერა, რომ უკეთესებიც შეგვიძლია ვიყოთ. ეს დიდი გამოწვევაა და ცვლილებებს ყოველთვის დრო სჭირდება. მართლა კარგი ადგილია ორლოვა საცხოვრებლად. ერთ დღესაც კი ის ნამდვილად იქნება კიდევ უფრო მიმზიდველი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია“.

(ბლანკა, FURTA, ორლოვა, ჩეხეთი)

ყველას შეუძლია დოკუმენტური ფილმები აჩვენოს. ამ ჩამონათვალში ნახავთ ყველაზე გავრცელებულ ადგილებს, სადაც KineDok-ის ფილმებს აჩვენებენ:

საზოგადოებრივი ცენტრები იდეალური ალტერნატივა შეიძლება იყოს კინოკლუბებისთვის. როგორც თავშეყრის ადგილები, ისინი თითქმის ყველა სამეზობლოშია. მათი მიზანია იმ სიცარიელის ამოვსება, რომელიც ტრადიციული სათემო/კომუნალური აქტივობების ნაკლებობით არის გამოწვეული. ასეთი ცენტრების უმრავლესობა განახლების/სიცოცხლის ნიშნებს აჩენს, ახალისებს ენთუზიასტთა გუნდს, რომელიც თავის ქალაქში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობს. ეს ცენტრები ხელს უწყობს ადგილობრივებთან პერსონალური, უშუალო კავშირების დამყარებას. ნდობის მოპოვება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ჩვენებების ქვაკუთხედია.

,,ჰრუბინკას კულტურული და სპორტული ცენტრი საბინაო კომპლექსის შუაგულში მდებარეობს, კორპუსებს შორის მწვანე ოაზისში. ის აერთიანებს ოფისს და დიდ ბაღს, სადაც ჩვენ არაერთ აქტივობას ვგეგმავთ ბავშვებისთვის. მთელი წლის განმავლობაში ვმართავთ ღონისძიებებს, სემინარებს. გვაქვს საზაფხულო ბანაკიც. გვინდა, რომ ცოცხალი გარემო შევქმნათ. იქვე არის მოხუცთა სახლი, ამიტომ ვცდილობთ ისეთი ღონისძიებებიც მოვიფიქროთ, რომლებშიც ხანდაზმულებიც ჩაერთვებიან ან უბრალოდ, მოვლენ და ყავას დალევენ. ჯერჯერობით, წარმატებით ვახერხებთ. ძალიან უყვართ ჩვენთან მოსვლა. მე კიდევ მოტივირებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხუცი მოვიდეს და ერთად ვუყუროთ დოკუმენტურ ფილმებს“ (ივანა, RDMKV, ჩეხეთი).

კულტურის ცენტრებიც კარგი ინსტიტუციებია, რომლებსაც არაერთი კულტურული ღონისძიების მასპინძლობის გამოცდილება აქვთ. მათ საკმაოდ მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავთ, თან ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავენ. თუმცა, დატვირთული გრაფიკი და ორგანიზაციული კულტურა ზოგჯერ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ემოციური კავშირი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კინოკლუბებისთვის, ამ შემთხვევაში უკანა პლანზე იწევს. მათ ღონისძიებებს მაყურებელი ხშირად კინოდარბაზებსა და თეატრებში გამართული სეანსების/წარმოდგენების მსგავსად აღიქვამს: ესწრებიან ჩვენებას და როგორც კი დასრულდება, მაშინვე ტოვებენ დარბაზს. მეორე მხრივ, კულტურის ცენტრებში ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესია და მაყურებელს კინოს მსგავს გამოცდილებას სთავაზობს.

„გვინდა, რომ კულტურული ცხოვრება ქალაქ ოპავაში გავამდიდროთ. ჩვენს კინოში 55 ადამიანი ეტევა. ყველა ფილმს აქ ვაჩვენებთ. KUPE კულტურისა და ხელოვნების სივრცეა სამხატვრო გალერეით, კინოთეატრით და კაფით. ჩვენი პროგრამა მუსიკალურ ღონისძიებებს, კონცერტებსა და სტენდაფ შოუსაც აერთიანებს. ეს ყველაფერი კი ხდება სივრცეში, რომელიც ადრე წყლის კოშკი იყო სამი სართულით. დღეს კი კულტურულ სივრცედ არის გადაკეთებული და 6 წელია უკვე ფუნქციონირებს“.

(ტერეზა კრეჟკი, KUPE, ჩეხეთი).

მუზეუმებისა და სამხატვრო გალერეების ფუნქცია მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მინიჭება კი არ არის, მათ სოციალური და საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვთ. მათი კოლექციები ღიაა დამთვალიერებელთათვის. ამ ,,კულტურის ტაძრებში” ფილმების ჩვენებით მათ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ უფრო მრავალფეროვანი აუდიტორია შემოიკრიბონ. დოკუმენტური ფილმების ყურებით გაზიარებულ გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გალერეის დამთვალიერებლების უმრავლესობისთვის. ეს სოციალური შეკრებები დიდწილად ცვლის გაბატონებულ წარმოდგენას საკუთრებისა და კურატორული უფლებამოსილების ტრადიციულ გაგებაზე და მონაწილეებს შორის ღია დიალოგს ახალისებს. ვიზუალური ხელოვნების პროფესიონალების მიდგომა, რომლებიც ამ ფილმებს აჩვენებენ, დოკუმენტურ კინოზე უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს.

,,ჩვენ ვართ ინსტიტუცია, რომლისთვისაც სხვადასხვა სახის ღონისძიება უცხო არ არის. ყველაფერი, რაც ვიზუალურ ხელოვნებას უკავშირდება, ჩვენი სამიზნეა. დოკუმენტური ფილმი, როგორც მედიუმი, ჩვენთვის დისკუსიების შესაძლებლობაა, KineDok საზოგადოება კი, როგორც ერთობა, ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა. მისი წევრები ერთმანეთს იცნობენ და ფილმის დასრულების შემდეგ ერთადაც ერთობიან (არასოდეს წახვიდეთ სახლში მაშინვე, ისე როგორც სხვა ღონისძიებების დასრულების შემდეგ იქცევით). ისინი ქუჩაში ერთმანეთს ესალმებიან, ზოგჯერ ერთად მიდიან სხვა ღონისძიებაზე.

(სიმონა, Galati-ის ვიზუალური ხელოვნების მუზეუმი, რუმინეთი).

ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი. მათ ხშირად სჭირდებათ ძირითადი საქმიანობის პარალელურად, კულტურული ღონისძიებები და აქტივობები მოიფიქრონ, რათა ფართო საზოგადოებაში მნიშვნელოვან თემებზე მგრძნობელობა გაზარდონ; მხარდამჭერების დახმარებით, ხალხამდე ინფორმაცია მიიტანონ. ეს თავად ორგანიზაციის წევრებსაც შთააგონებთ და აძლიერებთ. შესაძლოა, KineDok-ის კატალოგიდან ცალკეული ფილმი მათ ამ საჭიროებას პასუხობდეს. ამის გამო, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგულარულად მასპინძლობს ფილმების ჩვენებებს, ზოგიერთი კი თემიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფილმს არჩევს და სოციალური ხასიათის ღონისძიების დროს, ჩვენებასაც აწყობს. ეს ორგანიზაციები სხვადასხვა თემაზე შეიძლება მუშაობდნენ: გარემოსდაცვით საკითხებზე, ქალთა და ლგბტქ+ უფლებებზე, სოციალურ სამუშაოზე სხვადასხვა სფეროში.

კაფეები და კვების სხვა ობიექტები დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ხშირად გამოყოფენ დროსა და სივრცეს ჩვენებებისთვის. ეს მცდელობები მათ კულტურულ და სოციალურ მოვლენებში ჩართულობის განცდას უჩენს. მათ რეპუტაციაზეც დადებითად აისახება. მაგრამ კინოკლუბები ასეთ სივრცეებში განსაკუთრებულ გამოწვევებს აწყდებიან. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ გარემოში ხშირად ხმაურია (კაფეში მდგარი აპარატების თავისებური ხმები), რაც მაყურებელს ყურადღებას უფანტავს. ბარის მეპატრონეებს ხშირად უწევთ ჩვენების დატოვება და მერე დაბრუნება. ამ ყველაფრის შესამსუბუქებლად, სივრცის მენეჯერები განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ ფილმებსა სეთი გარემოსთვის და ძირითადად, მოკლე ფილმებზე ფოკუსირდებიან.

,,ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე არასოდეს გვქონია ფილმის ჩვენება პაბის გალერეაში. ასეთ სივრცეში დოკუმენტური კინოს ჩვენება ძალიან გვეამაყება. გვინდა, რომ ცოტა კინემატოგრაფიული გავხადოთ პაბის ატმოსფერო. ჩვენების შემდეგ, ლუდის კათხასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ფილმზე საინტერესო მსჯელობა განაგრძოთ“

(ბოგლარკა, Telep, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

სკოლებსა და უნივერსიტეტებში: დოკუმენტური ფილმები მათ სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების მისაღებად შეუძლიათ გამოიყენონ. ეკრანი შეიძლება საკლასო ოთახშიც დადგათ და იქვე, მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეშიც. თქვენი აუდიტორია, ძირითადად, სტუდენტები იქნებიან. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ უცხო ადამიანების გარედან შემოსვლა შეზღუდოთ, რომ კინოს მაგია ალმა მატერის ჩუმ კედლებში შეინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ეს ინიციატივები ხშირად ყველგან ერთი რეალობით სრულდება: სტუდენტებისთვის თუ ჩვენება სავალდებულო არ არის, ის მხოლოდ რამდენიმე ენთუზიასტი მოსწავლისა და მასწავლებლის საყვარელ ღონისძიებად იქცევა ხოლმე.

ბიბლიოთეკები: საზოგადოებისთვის კარგი თავშეყრის ადგილია, კვალიფიციური თანამშრომლებით და გამართული ტექნიკური ბაზით, რომელსაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. ფართო მარკეტინგული პლატფორმებიც აქვთ (როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ). ადამიანები, რომლებსაც ხელოვნება და ცოდნის მიღება/განახლება აინტერესებთ, ბიბლიოთეკებს ხშირად სტუმრობენ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ კულტურული ღონისძიებებისთვის უნდა ვიყენებდეთ, მათ შორის, ცხადია, ფილმის ჩვენებებისთვისაც. ერთადერთი გამოწვევა ამ სივრცეში ფილმის ყურებისა შეიძლება იყოს სუბტიტრების ზომა, რადგან მათი ვიზიტორები, ძირითადად, უფროსი თაობაა. სამაგიეროდ, ბიბლიოთეკა საუკეთესო ადგილია უფროსი ასაკის მაყურებელთან ფილმების მისატანად. ასეთ შეთავაზებებს ისინი სიამოვნებით თანხმდებიან.

,,ყოველთვის ვცდილობთ, დავინახოთ კავშირი ფილმის თემასა და ჩვენს ქალაქში არსებულ რომელიმე პრობლემას შორის. თუ ასეა, მაშინ ამ საკითხზე/პრობლემაზე ვფოკუსირდებით და მისგან დაზარალებულებს ჩვენებაზე ვეპატიჟებით. ან მათ ვუკავშირდებით, ვისაც ეს პრობლემა შესწავლილი აქვს. თუ არის საშუალება, გადაღების გამოცდილების გასაზიარებლად, რეჟისორებიც მოგვყავს სტუმრად. ფილმის თემატიკამ შეიძლება განსაზღვროს ჩვენების ადგილი და ფილმის ატმოსფეროს დამატებითი ღირებულებაც შეჰმატოს“.

(ლევენტე, Miskolc, უნგრეთი)

მობილური/მოძრავი სივრცეები ის ადგილებია, რომლებსაც ორგანიზატორები ფილმის თემატიკის მიხედვით ირჩევენ. ეს მიდგომა მათ შესაძლებლობას აძლევთ, რომ პოტენციურად ახალ აუდიტორიას მუდმივად შეხვდნენ და ღონისძიებაც იმ სივრცის მენეჯმენტთან თანამშრომლობით დაგეგმონ, სადაც კონკრეტული ფილმის ჩვენება შეთანხმდება. როგორც წესი, ასეთ დროს აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის არხებს, რომ სპონტანურად დაგეგმილ ჩვენებაზე თავიანთ ერთგულ სტუმრებს ინფორმაცია სწრაფად მიაწოდონ.

,,ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ახალ და ნაკლებად ცნობილ ადგილებს, რომლებსაც უკეთესი გამოცდილების შექმნა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოგვწონს შადრევანი − ადგილი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო, მაგრამ აბსოლუტურად ღია ვართ ყველა ახალი სივრცის აღმოსაჩენად, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია აუდიტორიისთვის.“

(ანა, ShpeenaDox Labin, ხორვატია)

,,როდესაც დედაქალაქიდან ამ პატარა სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად, ძალიან მენატრებოდა კინოჩვენებები და ღონისძიებები, რომლებსაც ვესწრებოდი ხოლმე. რადგან აქ მსგავსს არავინ აკეთებდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კინოკლუბი შემექმნა.“

(დორა, Bakonybél, უნგრეთი)

The Do-It-Yourself მიდგომა − ნიშნავს, რომ სივრცის მენეჯერები გამზადებულს არაფერს ელოდებიან; თვითონ ქმნიან გარემოს. KineDok-ი მათ შესაძლებლობას აძლევს, საკმაოდ ვრცელი კატალოგიდან შეარჩიონ ფილმები და თავიანთი კინოკლუბი ავტონომიურად მართონ. მოერგონ იმ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, რაც მათ ქვეყანაშია. ეს მიდგომა თავისი შინაარსით პოზიტიურია: როცა პრობლემა ჩნდება, ის მაშინვე გამოსავლის პოვნას ცდილობს. თუ ვინმეს კარგი ორგანიზატორული უნარები აქვს და უნდა თავისი შემოქმედებითი და არტისტული გამოცდილება გაგიზიაროთ, დაიმეგობრეთ; ხელი შეუწყვეთ საღი და კრიტიკული აუდიტორიის შემოკრებას. ან უბრალოდ, აჩვენეთ დოკუმენტური ფილმები თქვენს კინოკლუბში, რომლის პოვნაც ამ აუდიტორიას თავის სამეზობლოში შეეძლება. როდესაც ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ეს კონკრეტული სივრცე მათ ღირებულებებს იზიარებს და მათ გამოხატავთ, თანამოაზრეებისთვის უკვე თვითონ მოაწყობენ ჩვენებებს. უფრო მეტიც, სხვა ალტერნატიულ სივრცეებსაც დაუკაკუნებენ კარზე და თავდაჯერებით ეტყვიან, რომ რასაც აკეთებენ, ნამდვილად ღირებულია. ასეთ ძალისხმევას ყოველთვის მოჰყვება წარმატება!

,,შვიდი წლის წინ გადავედი ბრასოვში. იმ დროს არავინ აწყობდა დოკუმენტური კინოს ჩვენებებს. არადა, ვგრძნობდი, რომ საჭირო იყო. კინოინდუსტრიაში მომუშავე ყველა ჩემს მეგობარს მივწერე და ვთხოვე, თავიანთი ფილმების ჩვენების უფლება მოეცათ. მხოლოდ ენთუზიაზმი მამოძრავებდა, მაგრამ დავინახე, რომ მაყურებელი ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში დარჩა და დისკუსია გააგრძელა, ფილმში წამოჭრილმა თემებმა ძალიან დააინტერესა. მივხვდი, რომ უნდოდათ სამყაროს შესახებ უფრო მეტი გაეგოთ, ამიტომ ეს საქმე გავაგრძელე.“ (ლაურა, ბრასოვი, რუმინეთი).

წყაროები

ფოტოები:

Archive of our screening venue (Café Rouge)

მეტის წაკითხვა

უკან დაბრუნება

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.